რატომ არ შეუძლია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება: პაპუაშვილის პასუხი

სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს არ იცავს ნატოს ბირთვული ქოლგა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველო რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით.
„ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველოს მიმართ „მორალისტობა“ არავის გამოუვა, რადგან საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატოს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართველმა დეპუტატმა ევროპარლამენტარის განცხადება გააკრიტიკა >>
გარდა ამისა, სპიკერის თქმით, იმ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა მან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს.
ამავე დროს საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.