რა პრობლემები აღმოაჩნდა თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანიას - აუდიტის შედეგები

კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას - განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას და ფართომასშტაბიან ინვესტიციებს, განაცხადა პრეზენტაციაზე „ჯივიპის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.
Georgian Water and Power-ის ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ რამდენიმე დღის წინ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო სისტემების აუდიტი დაასრულა.
„ჯივიპი“ მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოსახლეობას სისტემატურად ჩააბარებს ანგარიშს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე და ჩვენი მომხმარებლები იყვნენ მუდმივად ინფორმირებულნი ყველა იმ სიახლის შესახებ, რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემის განვითარებასა და უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებასთან“, – განაცხადა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.
გეგმის განხორციელების ფარგლებში შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
ამ ეტაპისთვის კომპანიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საოპერაციო მიმართულებებით.
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება >>
„ჯივიპის“ ცნობით, დღეისთვის მხოლოდ თბილისში კომპანია მართავს 4.000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1.500 კმ წყალარინების ქსელებს, ხუთ სათავე ნაგებობას, სამ ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს.
„ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
თბილისის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი განახლება იგეგმება >>
2022 წელს 35 ათასზე მეტი ავარია დაფიქსირდა.
თბილისში წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს, მინიმუმ, 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).