ლევილის მამულში სარემონტო სამუშაოების მორიგი ეტაპი დასრულდა

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ლევილის ქართულ მამულში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაურის, ვლადიმერ გოგუაძის და მისი მეუღლის, ნამეტიას სახლის (ე.წ. გუშაგების სახლი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - აღდგა შენობის სახურავი და ფასადი, იუწყება საქართელოს კულტურის სამინისტრო.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს და წელს დასრულდება მამულის ქვის გალავნის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
რა გაკეთდა ლევილის მამულში ერთი წლის განმავლობაში >>
„ახლახან დასრულდა შატოს, ბიბლიოთეკისა და პოლკოვნიკ წერეთლის საცხოვრებელი სახლის აზბესტისგან გაწმენდა. საყურადღებოა, რომ ამ სამუშაოს დაწყებამდე ჩატარდა ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობის დასადგენად, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის დაწყებამდე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნოემბერში მამულში იგეგმება სხვადასხვა მცენარის ნერგებისა და ვარდების დარგვა.
2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შენობის რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავი.
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება>>
მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
მამულის გარდა, ლევილში არის სასაფლაო ლევილ-სურ-ორჟი, სადაც ასობით ემიგრანტია დაკრძალული. აქ განისვენებენ საქართველოს გამოჩენილი პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები.
მათ შორის არიან პოლიტიკოსები ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სპირიდონ კედია, მწერლები - გრიგოლ რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე, თამარ და აკაკი პაპავა, მხატვრები - ფელიქს ვარლამიშვილი და ვანო ენუქიძე, იტალიური კინოს არტისტი ანდრე რეხვია (ანდრია რეხვიაშვილი), მეცნიერი მიხაკო წერეთელი, გენერლები შაქრო ბაქრაძე, ალექსანდრე ზაქარიაძე, ვანო ჯაფარიძე, პოეტი ილია ზდანევიჩი მეორე მეუღლესთან ერთად (ნიგერიელი პოეტი ქალი იბირონკე აკინსემოინ-ზდანევიჩი) და მრავალი სხვა.