ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს

Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus დაიწყებს.
ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით სტამბულის მიმართულებით იფრენს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
„საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.