მინისტრის მოადგილე: ჩინეთის საერთაშორისო გამოფენა საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა China International Import Expo-ში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
შანხაიში გამართულ გამოფენაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რომლებმაც საექსპორტო პროდუქცია წარადგინეს: ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ასევე, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, საბავშვო ტანსაცმელი.
„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდა", - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, საქართველოს წინა წლებში გამოფენაში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება აქვს, როცა ქართველმა მწარმოებლებმა 20 მილიონ დოლარამდე ოდენობის გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს.
„შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წლევანდელი გამოფენა საქართველოსთვის ახალ წარმატებებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მოიტანს.
China Import Expo – საქართველომ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა>>>
გამოფენაში, რომელიც 10 ნოემბრამდე გაგრძელდება, 160 ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს-დელეგაცია მონაწილეობს - ვიზიტორების რაოდენობა 700 ათასს აღწევს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.