საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს

სამიტზე განიხილავენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელებს, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სისტემებს, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზებს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, რომელიშიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სამიტი 7-9 ნოემბერს ბორჯომში ტარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა. ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და პრეზენტაციებს.
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>
საერთაშორისო სპიკერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩრდილო მაკედონიიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან, და კორეის რესპუბლიკიდან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში. განხილული იქნება ეროვნული პარკების დაცვის და კანონაღსრულების, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ფინანსური მდგრადობის, სისტემების და ტექნოლოგიების, ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები.