თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გიორგი ტატუაშვილის მისამართით გასროლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, მომხდარში მონაწილე პირები საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდნენ, რის გამოც მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ.
საგამოძიებოს უწყება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და ტარებას ედავება.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
გამოძიება სსკ-ის19,109-(განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2020 წელს ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.