თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 7-9 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
„ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან სამიტზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა:
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები;
ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები;
ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდ Global Conservation-ის მხარდაჭერით.
საქართველოში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.