თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების გატარება იმაზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობებს წაუყენებდნენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს. ქვეყანა უკვე წლებია რეფორმების დღის წესრიგით ცხოვრობს, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგში. ქვეყანა მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს სთხოვს გაითვალისწინონ ის რთული ვითარება, რაშიც საქართველო იმყოფება.
„როდესაც ამის ფონზე ქვეყანა მსგავსი ტიპის მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი სურვილია და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის სურვილი და ჩვენ ეს დიდი მანდატი გვაძლიერებს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით..
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.