რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაიზარდა

რეფორმის მთავარი მიზანია მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, გაიზარდა და ამჟამად სიაში 3,2 ათასზე მეტი დასახელებაა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, რეფერენტული ფასები ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
მედიკამენტების ჩამონათვალი რეფერენტული ფასებით იხილეთ ბმულზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებს სრულად მოიცავს.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთი - საიდან შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში>>
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.