თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე, რომელიც 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა და რის შედეგადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
სასამართლომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს - ერთი წლითა და ექვსი თვით.
გიგა გიგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში.
ვაკის პარკში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მოხერხდა მხოლოდ ორის გადარჩენა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა, კომპანია „გრინსერვის პლუსის" დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს - ექვსი წლით.
ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.