თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში დაჯარიმდა 21 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 834, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500-დან 1.500 ლარამდე.
შსს-ს მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში. სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 21-ვე პირი 26-დან 60 წლამდე მამაკაცია.
რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში. მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული 834 ადამიანიდან 15 ქალია.
დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26-დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა შვიდი არასრულწლოვანი და ოთხი 60 წელს ზემოთ პირი.