თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორდღიან ღონისძებაზე, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სიმპოზიუმზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო როგორც „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.
„Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმის მასპინძლობით, წინანდალი და საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინოების მწარმოებლებს შორის გამოჩნდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სიმპოზიუმის ფარგლებში ქართული ღვინოების შეფასება-დეგუსტაცია სასარგებლოა ადგილობრივი მეწარმეებისთვის.
„ამ ღონისძიებაზე ისინი სპეციალურ ფორმატში ურთიერთობენ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, შემფასებლებთან, ღვინის კრიტიკოსებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ღვინოების ხარისხის კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას“,- განაცხადა დავითაშვილმა.
Grand Jury Du Vin-ი 1996 წელს დაარსდა შვეიცარიაში. ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.