თელავი ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. კახეთში ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა 2023" იმართება, იუწყება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება თელავში.
„ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.
დღეს ფესტივალი მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა კი საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია მოაწყო.
ჭაჭის არაყი და ქართველი კაცის ბუნება: საქპატენტი ჭაჭას სპეციალურ სტატიას უძღვნის
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი გამოვლინდება, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები ფულად ჯილდოს გადასცემენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საქპატენტი“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.