მოთხოვნა ბინებზე ბათუმში - გაყიდვების მონაცემები

მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით შემცირდა - ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 3,9 ბინა გაიყიდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კომპანიის მონაცემებით, შავი ზღვის კურორტზე ბინებზე მოთხოვნის კლებამ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,1% შეადგინა.
ამასთან, გაყიდვების შემცირება შეიმჩნება როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე.
2023 წლის მესამე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები პირველად ბაზარზე შემცირდა 16,5%-ით(საუბარია სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდულ ქონებაზე), მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების გაყიდვები) კი 17,8%-ით.
მოთხოვნა ბინებზე თბილისში - გაყიდვების მონაცემები სექტემბერში>>>
მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში. ანალიტიკოსები ამას აღნიშნულ რაიონებში მიმდინარე აქტიური მშენებლობებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, ბათუმში მშენებლობების 39,7% ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს.
ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ბათუმში გაყიდვების მესამედი ელიტურ და საშუალო კლასის ბინებზე მოდის, რომელთა ღირებულებაც 1,2-3 ათას დოლარს (1მ2) შეადგენს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი ბინების გაყიდვები საერთო გაყიდვების მეოთხედს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის წლიურად 6,9%-ით შემცირდა და 245,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ცხრა თვის საბაზრო მაჩვენებლები კი 14,2%-ით გაიზარდა და 750,7 მილიონი დოლარი შეადგინა.