მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – რამდენი საჩივარი შევიდა კონკურენციის სააგენტოში

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის შეტანა კონკურენციის სააგენტოშია შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ დარეგისტრირებული 462 განაცხადი განიხილა და აქედან 251–ს სწავლობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისს შევიდა და ის მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. 2022 წლის 1–ლი ნოემბრიდან მომხმარებლებს შეუძლიათ კონკურენციის სააგენტოში შეიტანონ საჩივრები სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესების დარღვევა.
ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ117 საქმეზე - 77 შეთანხმება გააფორმა.
ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურად ადევნებს თვალს. ამ დროისთვის 65 საქმეზე გაფორმებულ 41 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
საწვავის გაზრდილი ფასებით გაყიდვა - დააჯარიმეს ხუთი მსხვილი კომპანია>>
ამავე პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით, 53 შემთხვევიდან დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო შვიდ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 17 საქმეზე 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის დარღვევის დადასტურების 12 საქმეზე 9 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 64% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 36% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 86%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა – 6% და იმერეთი – 4%.
კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვა: ანტიმონოპოლური სამსახური შესაძლო დარღვევებს სწავლობს>>
სააგენტოში შესული და დამუშავებული მონაცემების თანახმად, თანხის უკან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 144, ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე – 140, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 24, ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების – 16, ხოლო სხვა დანარჩენზე – 90 მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 16%-ს, მშენებლობა – 5%–ს, დასვენება და გართობა – 4%–ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ია.