ეს სკანდალია! - მმართველი პარტია საქართველოში USAID-ის საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი წარმომადგენლობის ცენტრალურ ოფისთან შეუთანხმებელი პოზიცია სერიოზულ კითხვებს აჩენს - ეს სკანდალია, რომელსაც ბოლომდე უნდა მივყვეთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ვებ-გვერდზე თავისუფალი გამოხატვის მხარდაჭერის ფონდის (FESF) შექმნის შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მითითებული იყო, რომ მათი დონორები არიან ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ასევე აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). თუმცა, ვებ-გვერდიდან მალევე მოაშორეს USAID და ამ დროისათვის ის უკვე აღარ არის მითითებული, როგორც ამ პროგრამის დონორი.
„ადგილობრივი ორგანიზაცია დღეს ვერ ბედავს თქვას, რომ ეს სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტები ამერიკელი ხალხის ფულით ფინანსდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე აჩენს სერიოზული კითხვის ნიშნებს საქართველოში ადგილობრივ წარმომადგენლებსა და USAID-ის სათავო ოფისის წარმომადგენლების პოზიციების თანხვედრის არარსებობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყოლა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, გუშინ მან განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის ცენტრალური ოფისისა და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლების პოზიციები ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არ მოდის.
„ჩვენ გავბედეთ და გავაკრიტიკეთ USAID, ჩვენი პარტნიორების ასეთი მძლავრი ორგანიზაცია, რადგანაც ჩვენ ვიყავით მართალი და ყველაფერი რაც ახლა ხდება, ამას ადასტურებს", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები ბევრს სცოდავენ და ეს არ არის ცენტრალური ოფისის პოზიცია.
„ახლა ისიც გაირკვა, რომ არათუ ის, რაც ვთქვი, არამედ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ ოფისს ისე ჰყავს გათამამებული არასამთავრობო ორგანიზაციების მდიდარი წარმომადგენლები, რომ თურმე ბედავენ და მათ გარეშეც კი აწერენ ლოგოს სხვადასხვა მავნებლურ პროექტებზე. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე მოხდა", - განაცხადა მდინარაძემ.
მიმდინარე წლის მარტში, როდესაც თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა, GDI-მ დააფუძნა თავისუფალი გამოხატვის მხარდაჭერის ფონდი (FESF). არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფონდის მიზანია დაეხმარონ ცალკეულ ინდივიდებს, გადალახონ ფინანსური ტვირთი, რომელიც მათ თავისუფალი გამოხატვის არაძალადობრივ რეალიზაციასთან დაკავშირებით დაეკისრათ. დახმარება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საპროტესტო აქციების შემდეგ ჯარიმები დაეკისრათ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განმარტებით, ერთადერთი, რასაც „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი ითვალისწინებდა, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალეობაა.
„გაირკვა, რომ ძალიან ბევრი რამ ჰქონიათ დასამალი. ხშირ შემთხვევაში ისინი უცხოურ დაფინანსებას იყენებენ საკუთარი რევოლუციური და ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისათვის. ეს ერთ-ერთი ამის მაგალითია. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ მიღებულიყო ეს კანონი საქართველოში, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე არ ყოფილიყო ქართული საზოგადოებისთვის. თავიდან ედოთ ერთი ლოგო, მერე შეცვალეს მეორე ლოგოთი, აქაც იტყუებოდნენ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია და როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაციას დაფინასების საკითხთან მიმართებით ჩაეძიენ, მათ საკუთარი ინფორმაციის შეცვლა მოუწიათ.
„სინამდვილეში მათთვის მიუღებელია საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი ხშირ შემთხვევაში უცხოურ დაფინანსებას ექსტრემისტული მიზნებისთვის იყენებენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი თანხა 18,3 ათას ევროს აღემატება.ბოლო მონაცემებით, გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდში 15 განაცხადია შესული, აქედან მხარდაჭერა აღმოუჩინეს 12-ს.
GDI-ს თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მათ აქვთ ორი გრანტი – ხუთ–ხუთი ათასი დოლარი. ესაა East-West Management-ის ცენტრალური ოფისიდან და ეს არ არის USAID-ის თანხა. მეორე ხუთი ათასია „ღია საზოგადოების“ ფონდიდან, აღნიშნა მარიკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე ჩაირიცხა 20 ათასი ევრო ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy).
სწორედ ამ ორგანიზაციამ გამოყო 2021 წელს ფული ნიკა მელიას გირაოსთვის, რომელიც იმ მომენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, და ჩარიცხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშზე. მელია 2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქციებზე პარლამენტთან მთავარი ბრალდებული იყო ჯგუფურ ძალადობაში.
რაში სცოდავს USAID–ის ადგილობრივი ორგანიზაცია – მდინარაძე>>>
რაც შეეხება აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტსა და USAID-ს, ამ ორგანიზაციების დასახელება ნახსენებია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ–დეკემბერში არეულობების მზადების შესახებ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსის ინფორმაციით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.