თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პრობაციის სისტემისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესება - ეს პროგრესი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები". ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა საქართველოს პროგრესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და პრობაციის სისტემის დახვეწა, სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია თბილისში არის ფანტასტიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით.
„საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს", - აღნიშნა დიპლომატმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.