ყველის ნიმუშებში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

ტექნიკური რეგლამენტით ყველი მხოლოდ რძის ცხიმს უნდა შეიცავდეს.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის ოთხ ნიმუშში რძის ცხიმის გარდა მცენარეული ცხიმი აღმოაჩნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
მცენარეული ცხიმები გამოვლინდა შპს „ბა. გი“-ს და შპს „სუელის“ სულუგუნებში (ბოლნისის რაიონი), ასევე იმერულ ყველში, რომელიც ინდმეწარმეების მიერ წალკაში სოფელ საყდრიონში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორლოვკაში იყო დამზადებული.
„გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა.
რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ>>
ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0 გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.