თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. კლინიკების ნაწილი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია ქვეყანაში არსებული ყველა კლინიკის 20%-ზე, მათ რეანიმაციულ ან ქირურგიულ განყოფილებებში სტანდარტების შეუსაბამობა დაფიქსირდა. მათ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელების უფლება შეუჩერდათ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 415 კლინიკა ფუნქციონირებს.
„მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას“, - განაცხადა აზარაშვილმა.
2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.