როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში – რატი ბრეგაძის პასუხი

სააკაშვილს არა აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, რადგან უკრაინის მოქალაქეა, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად გადაიყვანენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
„როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი დაბრუნებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ვერ იქნება პოლიტიკური ლიდერი, რადგან უკრაინის მოქალაქეა.
„ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური პარტიის წევრობის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის ბოლო, 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მათი რჩევაა, ის კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
კალაძემ მსჯავრდებული სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა რეალითი-შოუს შეადარა>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
პაპუაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა დივერსია იყო>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.