თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,8% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობის სფეროებმა, ასევე სასტუმროებმა და რესტორნებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის სექტორებში, ასევე უძრავი ქონების, სფეროში.
რა გაიზარდა და რამდენით
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 2023 წლის ცხრა თვეში 12,7% შეადგინა, იმპორტის – 18,2%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,1 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 14%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„სამი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. მან აღნიშნა, რომ 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 19 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი და 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით.
ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობოლებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. დაახლოებით 97 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, აღნიშნა თოდრაძემ.
გარდა ამისა, გაიზარდა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც.
სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2,3 მლნ საერთშორისო ვიზიტი, რაც 21 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წლის შესაბმისი პერიოდის მონაცემები.