სტომატოლოგიურ კლინიკას თანამშრომელთა B და C ჰეპატიტზე იმუნიზაციის ვალდებულება დაეკისრება

სიახლის მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები დაწესდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები განისაზღვრა.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

„პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული იქნება ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე", – ნათქვამია განცხადებაში.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები მოქმედი სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან გახდება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.