ყველა ონკოდაავადებულის ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ონკოლოგიური ქირურგიის გეგმური და გადაუდებელი ოპერაციები ყველა ონკოპაციენტისთვის მთელ ქვეყანაში უფასოდ ჩატარდება იმ პირების გარდა, ვინც დაზღვეულია საბიუჯეტო სახსრებით, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი პროექტი განიხილეს. როგორც უწყება განმარტავს, ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40.000 ლარზე მეტია.
2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სიახლით კი, მოქალაქეებისთვის უკვე ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო სერვისები, ისე ონკოლოგიური ქირურგია.
საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება – მათი შემოსავლის მიუხედავად.
საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება>>
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. დაწესებულია შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი პირების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით მოქალაქეების ხარჯები 25%-ით შემცირდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.