თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მინი–ფეხბურთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო პირველობაზე მოქმედ ჩემპიონს, მექსიკის გუნდს სძლია (2:1) და პრესტიჟული ტურნირის პლეი–ოფში გავიდა.
ბესო არველაძის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ირაკლი გვეტაძის შედეგიანმა საჯარიმო დარტყმამ გუნდი დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმი აქტიურად უკვე მექსიკის ნაკრებმა დაიწყო და 37–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ორი წუთის შემდეგ ქართულმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა ლევან სვანიძემ და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა – 2:1.
ქართველებს კიდევ სამჯერ ჰქონდათ უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და პლეი–ოფში გავიდა. 30 ოქტომბერს გუნდი ბოლო მატჩს ჯგუფში ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან ერთად მოხვდა.