თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში დაიღუპა ეთნიკურად ქართველი ბავშვი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონას ერთი კვირის წინ, ინტენსიური საჰაერო შეტევის დროს, განგაშის ხმის გაგებისას შიშისგან გული გაუჩერდა, რის შემდეგაც კომაში იმყოფებოდა.
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
პირველივე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი. 229 ადამიანი ტყვედ არის აყვანილი. რაც შეეხება მსხვერპლს „ჰამასის“ მხრიდან, ბოლო მონაცემებით, იქ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.