თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
„2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2019 წლიდან ყველა უფროს პედაგოგს, წამყვან პედაგოგსა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით და მეტით მოუმატეს. ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.