თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცეს - ახალ სარეაბილიტაციო პროგრამაზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი იმუშავებს.
ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. კომიტეტმა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი და საქართველოს 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“ განიხილა. პეტიციის ავტორებმა დეპუტატებს პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს.
„ძალიან საინტერესო იდეაა, რასაც გავეცანი და, სიმართლე გითხრათ, უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფორმა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელოთ. სახელწოდება ასეთი აქვს – „თერაპია თათებით“, რაც გულისხმობს, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიუსაფარი ცხოველების ყოლის შესაძლებლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეულია, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნა მან.
კომიტეტის სხდომაზე პეტიციასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების მზადყოფნაზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ როსტიაშვილმაც. მისი თქმით, ეს ინოვაციური პროექტია და იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არიან ამაზე დეტალურად იმსჯელონ.