თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკომისია წარადგენს დადებით დასკვნას საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„ჩემი ზემდგომები ბრიუსელში ასრულებენ გაფართოების მოხსენების მომზადებას, რაც არის პირველი გაფართოების მოხსენება საქართველოსთვის და შეიცავს რეკომენდაციებს წევრი ქვეყნებისთვისაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს რეკომენდაციები იქნება დადებითი, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეკომენდაციას მივანიჭებთ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროის მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.