საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ოპოზიციონერი

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს, რათა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და ექს-პრემიერ, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, მზადყოფნას გამოხატავს, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გააკეთოს ყველაფერი, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდგომ უკვე ჩატარდეს ევროპული სტანდარტების არჩევნები 2024 წელს. ის ამის მზადყოფნას გამოხატავს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ ის შეიძლება გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არ ვიცი. თუ მას ეს მოუნდება, უნდა გადადგეს პრეზიდენტობიდან", – განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციასთან, დიპლომატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზურაბიშვილის შეხვედრებზე. კორძაიას თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია და, რა თქმა უნდა, ის ყველასთან მართავს კონსულტაციებს. საქმიანობის ფარგლებში პრეზიდენტს ყოველთვის აინტერესებს ქალი დეპუტატების პოზიციები, აღნიშნა მან.
„ამას მარტივი ახსნა აქვს, იმიტომ რომ მოლაპარაკებების და მოსმენის უნარს ქალები გაცილებით უკეთ ვავლენთ, ვიდრე კაცები პოლიტიკაში... ჩვენ გვეძახის, რადგან მას აინტერესებს ჩვენი ხედვა, ჩვენი მოსაზრებები. მასზე გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ ის ყურადღებით გვისმენს", – განაცხადა კორძაიამ.
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი>>
მისი თქმით, ზურაბიშვილი მათ ასევე უზიარებს საკუთარ ხედვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი მუდმივად არის შემართული იმისათვის, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ამას ისახავს მიზნად. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ცდილობს მისი გადაწყვეტილების დასაბუთება წარმოადგინოს", – აღნიშნა კორძაიამ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
„ქართულმა ოცნებამ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს.
სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკაში დარჩენა სურს - ირაკლი ღარიბაშვილი>>
იმავე დღეს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, არამედ არის „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად იქნება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.