ღარიბაშვილმა საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიუკერძოებელი შუამავალი უწოდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები საქართველოში იმყოფებიან და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მუშაობაში მონაწილეობენ.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური და ობიექტური შუამავალია, ამიტომ დაინტერესებულია, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი საქართველოში იმყოფებიან და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მუშაობაში მონაწილეობენ.

„გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიან მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვართ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან ერთად პარასკევს საძირკველი ჩაუყარა აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობას. 10 მაისს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღიდან 100 წელი შესრულდა, რასთან დაკავშირებითაც აზერბაიჯანში 2023 წელი „ჰეიდარ ალიევის წლად" გამოცხადდა.
„წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ვიზიტისა და ფორუმში მონაწილეობისთვის.
„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ", – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
საქართველოს როლი მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევისკენ - დეპუტატი>>
ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
თბილისის ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური შუამდგომლობით 2021 წლის ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 ტყვე – ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქეები. საპასუხოდ სომხეთის მხარემ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა.
პრემიერი: რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენ ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლის როლს შევასრულებთ>>
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი" 26-27 ოქტომბერს იმართება. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს.