„ქურდული გარჩევები" ბათუმში - დაკავებულია ხუთი ადამიანი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს, რომელთა შორის ერთ-ერთი უცხოეთის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წარმოიშვა ფინანსური დავა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.
დავის გადასაწყვეტად ბათუმში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, სადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს განუცხადა, რომ დავაში ჩართული იყო „კანონიერი ქურდი" და საკითხი „ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო. კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 75.000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.
„ფამფალა", „ტონი" და „როკო": შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა>>
„ქურდული სამყაროს" წევრი და „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი პირები დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვდნენ.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.
გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის", „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის", „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.