კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის საუკეთესო დრიბლიორთა რიცხვშია

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შედეგების მიხედვით საუკეთესო დრიბლიორთა შორის მოხვდა.
უეფას ინფორმაციით, მან საუკეთესო დრიბლიორების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია. ქართველ ლეგიონერზე უკეთესი მაჩვენებელი – 23 აქვს მხოლოდ „ეინდჰოვენის" ფლანგის შემტევს ნოა ლანგის.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი გადაცემის წყალობით ბოლო შეხვედრაში ჯაკომო რასპადორიმ ბერლინის „უნიონს" გოლი გაუტანა და „ნაპოლის" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
იტალიური გუნდი სამი მატჩის შემდეგ ექვსი ქულით С ჯგუფში მეორე ადგილზეა. ცხრა ქულით პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია".
ხვიჩა კვარაცხელია „უნიონის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა>>
გარდა ამისა, უეფამ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ბერლინის „უნიონის" წინააღმდეგ ამ მატჩში.
კვირას კვარაცხელიასა და მის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ, მაგრამ უკვე იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში. სერია А-ს მეათე ტურში „ნაპოლი" „მილანს" უმასპინძლებს, რომელიც ნეაპოლურ კლუბს ოთხი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში „ინტერის" შემდეგ მეორე ადგილი უკავია.