გორში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წელს აღნიშნავენ

ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მის მშობლიურ სოფელ ვარიანში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023", რომელიც პირველი ქართული „დედაენის" ავტორის იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება, იუწყება გორის მერია.
უწყების ცნობით, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს ტრადიციულად მისი მშობლიური სოფელი ვარიანი უმასპინძლებს.
მწერლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება. სტუმრები მოსწავლეებსა და ადგილობრივ შემსრულებლებს მოუსმენენ, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.
კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე და ქონება ქართველთა განათლებას მიუძღვნა>>
დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით იმართება.
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.