საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გახდა - შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია უკვე ამზადებს რადიკალურ დღის განრიგს საპარლამენტო არჩევნებისთვის.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი გახდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" და მან დაკარგა თავისი ლეგიტიმურობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან. სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს. ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით რაც არის – ეს არის რადიკალიზმი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი აზრით, უკვე მზადება მიმდინარეობს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ დღის წესრიგი რადიკალური იყოს.
„როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც", – განაცხადა პაპუაშვილმა.
იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის დღეს „ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ამიერიდან აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია. მისი თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალური პრეზიდენტი იქნება.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.