საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და გვატემალის გუნდი მშრალი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-16 წუთზე ნუგზარ გოგაშვილმა გახსნა. შემდეგ გოლები გაიტანეს ლევან სვანიძემ, ბექა ტუღუშმა და ნიკა კოპლატაძემ. პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა. მეხუთე გოლი გვატემალელებს გაუტანა მიხეილ თევზაძემ, ხოლო საბოლოო ანგარიში - 6:0 გიორგი ექსეულიძემ დააფიქსირა.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს.
საქართველოს ნაკრები მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის>>
საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე მექსიკის ნაკრებია – მოქმედი ჩემპიონი და წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტი. მექსიკელებმა პირველ ტურში ირლანდია ასევე 6:0 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
28 ოქტომბერი
მექსიკა – საქართველო
30 ოქტომბერი
საქართველო – ირლანდია.