მსოფლიო დღეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროში აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადეს

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი არ დაუჭირა მას.
არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით საომარი მოქმედებების შეჩერებას მოითხოვდა. ამასთან გმობდა „ჰამასს“ (შეერთებულ შტატებში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) და მას მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
რეზოლუციის პროექტს 10-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა ორმა − ბრაზილიამ და მოზამბიკმა.
რეზოლუციის მისაღებად უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცხრა ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო. მაგრამ საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს და ჩინეთს.
როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, აშშ-ის რეზოლუციის პროექტის მიზანი იყო არა ხალხის გადარჩენა კონფლიქტის ზონაში, არამედ „რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკური პრინციპების განმტკიცება იარლიყების ჩამოკიდების გზით“.
ამასთან ნებენზიამ ხაზი გაუსვა, რომ გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო ბრაზილიის ჰუმანიტარული რეზოლუციის პროექტს, ასევე რუსეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ომის მხარეებს.
მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის ჰუმანიტარული რეზოლუცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პროექტს ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა.
მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და შეერთებული შტატები. ამ უკანასკნელმა დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი იმით ახსნა, რომ მასში „ჰამასის“ ქმედებები დაგმობილი არ იყო.
რაც შეეხება მხარდამჭერებს, მათ შორის იყვნენ: საკუთრივ რუსეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაბონი და მოზამბიკი. თავი შეიკავეს: ალბანეთმა, ბრაზილიამ, განამ, მალტამ, შვეიცარიამ და ეკვადორმა.
როგორც მაშინ აღნიშნა ვასილი ნებენზიამ, „უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გახდა დასავლური დელეგაციების ბლოკის ეგოისტური მისწრაფებების მძევალი“.