პრობლემები და გამოწვევები სკოლებში - განათლების მინისტრი მშობლებს შეხვდა

მინისტრის შეხვედრები მოსწავლეების მშობლებთან პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრაზე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად დაესვათ კითხვები მინისტრისთვის. შეხვედრაზე განიხილეს პრობლემები, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სასკოლო კვებას, ბუფეტებს, ჰიგიენის დაცვას, სკოლების დაფინანსებას და სხვ.
მშობლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში, რათა დროულად მოხდეს რეაგირება სკოლებში არსებულ გამოწვევებზე.
მინისტრი: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გადაიხედება >>
მინისტრის გადაწყვეტილებით, მსგავსი შეხვედრები მშობლებთან პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ამ შეხვედრების მიზანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. ამილახვრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები მეტად იყვნენ ჩართული მიმდინარე რეფორმის პროცესში.
როგორც ამილახვარმა ადრე განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა გადაიხედოს, რადგან არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს – რა, სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში.
უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზადაა ფართო წრეებთან ერთად განიხილოს განათლების საკითხები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი განათლება; სკოლა და ზოგადი განათლება; სკოლის ავტონომია; ეროვნული სასწავლო გეგმა; შეფასების სისტემა; სკოლების ავტორიზაცია.
გარდა ამისა, სამინისტრო მზადაა ასევე განიხილოს საკითხები: სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა; მასწავლებელი, მისი სამუშაო, ფინანსური და სოციალური პირობები; კარიერული განვითარების სქემა; სკოლების დაფინანსება და სასკოლო კვება; განათლების პოლიტიკის დაგეგმვა; სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი; ახალი ხედვა პროფესიულ განათლებაში; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
მშობლები სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია >>
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა აისახოს როგორც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები.