მსოფლიო დღეს

„უფლება არ აქვს“: ისრაელში ანტონიუ გუტერეშის გადადგომას მოითხოვენ

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უნდა გადადგეს – მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ შეიძლება თანამდებობაზე დარჩეს, განაცხადა გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა.

„გაეროს გენერალური მდივანი რეალობასაა მოწყვეტილი და უნდა გადადგეს. დღეს მე უშიშროების საბჭოს შესასვლელთან ვიდექი მძევალთა ოჯახების წევრებთან და მოვუწოდე მდივანს, წავიდეს თანამდებობიდან. გენერალური მდივანი, რომელიც გამართლებას უძებნის ისრაელელთა შემაძრწუნებელ ხოცვა-ჟლეტას, არ შეიძლება, რომ თანამდებობაზე რჩებოდეს. მისი პოსტზე ყოფნის ყოველი დღე არის სირცხვილი და დასტური იმისა, რომ გაეროს არსებობის უფლება არ აქვს!“ − დაწერა ერდანმა.

გაეროში ისრაელის ელჩს ეთანხმებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრმა ელი კოენმა უარი თქვა ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე და „შოკისმომგვრელი“ უწოდა მის ნათქვამს.
როგორც უწყების წარმომადგენელი ლიორ ჰაიათი ამბობს, „იმის ნაცვლად, რომ მსხვერპლის მხარეს დადგეს“, გუტერეშმა თავად მსხვერპლი დაადანაშაულა „სიმხეცეში, რომლის მსგავსიც ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს“.
მანამდე, 21 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კაიროს სამიტზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების მოქმედებას ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ვერ ამართლებს. ამასთან გენმდივანს მიაჩნია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა“. მისი ეს სიტყვები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ტერორიზმის გამართლებად“ მიიჩნიეს.