თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რადიკალური ოპოზიცია მავნე პოლიტიკური ძალაა, რომელიც პირდაპირ და საჯაროდ იბრძვის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ეღობება, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ ოპოზიციიდან რიგი პოლიტიკოსები ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინააღმდეგი არიან. მისი თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესს ხელს უშლიან. მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, მათ შორის მათ, ვინც მიიჩნევს, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება უნდა გადაიდოს და ეს ქვეყნისთვის უკეთესია, რომ ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ამაზე მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან არ ისაუბრონ.
„სამნიძემ პირდაპირ თქვა, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის გადავადება ჯობს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა გადავადდეს, რადგან, თურმე, რაღაც პირობები გვქონია შესასრულებელი... ამაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისრები, მათ შორის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხში მხარდაჭერა ექნება.
„იმავეს ამბობენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა გადაგვივადდეს. ამ დროს პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ თურმე ის დადის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მაშინ, როდესაც ის აშავებს თავის ქვეყანას", – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„რადიკალურ ოპოზიციას" „ხალხის ძალა" და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს უწოდებენ.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, თითქოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამავე დროს, საჯაროდ აღიარებენ, რომ ის, ვინც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ანუ ევროკავშირი, ამბობს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს, ხოლო ოპოზიცია მათ ეუბნება – გადაავადონ ეს საკითხი.
„ეს არის მათი რეალური სახე. ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის მავნებლური პოლიტიკური ძალა და პირდაპირ, საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, ამის შემდეგ ასეთი ადამიანიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე იქნება. ეს ადამიანები, რომლებიც უცხოეთში დადიან თითქოსდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ახლა გამოჩნდა, რისთვისაც იბრძოდნენ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რეალობა იმგვარია, რომ საუბარი აღარ არის რადიკალური ოპოზიციის გაკოტრებაზე, ის, უბრალოდ, უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან, განაცხადა მაჭარაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ამომრჩეველი ამას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებს.
„როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, ის პოლიტიკურად გაზრდილია – შეიძლება „ხალხის ძალას" ან „ქართულ ოცნებას" არ უჭერდეს მხარს, მაგრამ ამ პოლიტიკურ მავნებლებს არ დაუჭერს მხარს, რადგან ყველამ დაინახა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.