თბილისის აეროპორტი გამგზავრების ტერმინალს აფართოვებს

სარემონტო სამუშაოები გაფრენის ტერმინალში 2024 წლის თებერვალში დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარემონტო სამუშაოები მგზავრთა დამატებითი კომფორტის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების უზრუნველსაყოფად ტარდება, განაცხადეს კომპანია „ტავ ჯორჯიაში" (TAV Georgia), რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ტერმინალში რეკონსტრუქციის სამუშაოები საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ზონებში 23 ოქტომბერს დაიწყო.
კომპანია პროექტში 2,2 მლნ ლარს ჩადებს. სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება.
პროექტის განხორციელების შედეგად, რაც ითვალისწინებს ესკალატორებთან ღიობების შევსებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დამატებით 220 კვ.მ ფართობის სივრცე დაემატება. გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა.
გაფართოვდება უშიშროების შემოწმების ზონა და ბიზნეს-ლაუნჯი გამგზავრების დარბაზში.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები>>
რეკონსტრუქციის დროს უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოება. სამშენებლო ტერიტორია, სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი მასალებით იქნება შემოსაზღვრული. ახლომდებარე რეგისტრაციის ადგილები სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე არ იმუშავებს.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა>>
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.