თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების თემა კონსტიტუციის დარღვევას ეხება, რაც არ შედის პროკურატურის კომპეტენციაში, განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კითხვაზე პასუხისას, შეიძლება თუ არა დაიწყოს გამოძიება ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც... საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა და არა პროკურატურის“, – განუცხადა შოთაძემ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, არის თუ არა რამე საქმე აღძრული ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც პროკურატურა ამჟამად იძიებს და რა სტადიაზეა გამოძიება 2019 წელს დაწყებულ შეწყალების საქმეზე, შოთაძემ უპასუხა, რომ ამ საქმის გამოძიება დღესაც გრძელდება.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალების აქტებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.
„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია“, – განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი.
„მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა“, – განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20 სექტემბერს რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვათა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ერთ-ერთი შეწყალებული, დევაძე 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, ბეჟანიძე – ცნობილი ქართველი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის, ხოლო ნადირაძე – ახალგაზრდის მკვლელობისთვის 1994 წელს. ამასთან, ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12 წელი, ხოლო ნადირაძე - 23 წელი ემალებოდნენ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.