მსოფლიო დღეს

„ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.
საუბარია 79 წლის ნურით კუპერსა და 85 წლის იოჰევედ ლიფშიცზე, რომლებიც 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზში აიყვანეს ტყვედ.
გავრცელებული ცნობით, მათი მეუღლეები — 85 და 83 წლის მამაკაცები კვლავაც მძევლებად რჩებიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეშვება სამხედრო ვერტმფრენი თელ-ავივის საავადმყოფოს სახურავზე, იქიდან კი ორი ადამიანი გადმოჰყავთ — ერთი ინვალიდის სავარძლით, მეორე კი სამედიცინო საკაცით. ვიდეო საავადმყოფოს მეზობლად მდებარე შენობის სახურავიდანაა გადაღებული.
ისრაელის ხელისუფლებამ ტყვეების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და წითელ ჯვარს. ამასთან აღინიშნება, რომ მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი კატარზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
მანამდე „ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანმა, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმყოფება, The World Tonight Radio-ს განუცხადა, რომ ნურით კუპერი და იოჰევედ ლიფშიცი თავიდან „სხვებმა“ გაიტაცეს, „ჰამასი“ კი მათ მოძებნასა და უკან დაბრუნებაში დაეხმარა.
ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ მზად იყო ასაკოვანი ქალები ჯერ კიდევ პარასკევს გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამას ისრაელი შეეწინააღმდეგა. ისრაელის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ამ განცხადებას და „ჰამასის“ წარმომადგენლის სიტყვებს სიცრუესა და პროპაგანდას უწოდებს.
მანამდე „ჰამასმა“, „ჰუმანიტარული მოსაზრებით“, სხვა ორი მძევალი ქალი — ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ჯუდით და ნატალი რაანანები გაათავისუფლა. ცაჰალის განახლებული მონაცემებით, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, „ჰამასმა“ ტყვედ სულ 222 ადამიანი აიყვანა. ამ რიცხვში უკვე გათავისუფლებული ოთხი მძევალიც მოიაზრებოდა.