განხეთქილება ახალ ეტაპზე გადავიდა - ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

ნიკა მელიას ერთადერთი პირობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აქვს, პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულებაა.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს იყოს იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.
კვიპროსიდან დაბრუნებისა და კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელიასთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. თუმცა, მელიას თანამოაზრეები არ ადასტურებენ, რომ ხაბეიშვილისგან შეთავაზება მიიღეს. იმავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილმა გადაწყვიტა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შექმნა, რომელსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს.
ბორდი ერთგვარი უხუცესთა საბჭოა, რომელიც ადგენს მოძრაობის მიმართულებას და აკონტროლებს შედეგების მიღწევას, მაგრამ არ ერევა ოპერატიულ მუშაობაში.

„ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“, – დაწერა მელიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას თქმით, იქ, სადაც ეს ადამიანები არსებობენ, სერიოზული რეპუტაციული პრობლემები შეიქმნა.
„მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვებით ვერასოდეს მოვა გამარჯვება. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში მენეჯმენტი სრული შემადგენლობით სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორ კეზერაშვილს აკითხავს“, – აღნიშნა მელიამ.
მისი თქმით, ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა.

„მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება“, – აღნიშნა მელიამ.

მისი თქმით, იქ არაფერი ესაქმება, სადაც ადამიანების ინტერესები და მათი რეალიზაცია მთავარ ამოცანას არ წარმოადგენს.
„ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი. სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ. ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისათვის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა დავასრულოთ“, – დაწერა მელიამ.
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე >>
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა შესაძლოა ხაბეიშვილი გვარამიათი შეცვალოს პარტიის ლიდერის პოსტზე. თუმცა, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და განათლების მინისტრი.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ხაბეიშვილის წინადადება და მელიას პასუხი - რა ხდება „ნაცმოძრაობაში"? >>
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.