რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების კუთხით

პირველ ეტაპზე უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სადგურები, რადარები, რომლებიც ინფორმაციას იძლევა, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება რთულია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თბილისში კლიმატის მწვანე ფორუმის საბჭოს შეხვედრაზე.
ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა შოვის ტრაგედიის შემდეგ, სადაც 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთს ჯერ კიდევ ეძებენ.

„ეს საკმაოდ რთული საკითხია, ჯერ უნდა შეფასდეს არსებული ვითარება და შემდგომ დაიგეგმოს ღონისძიებები, რომლებიც რეალურად მოგვცემს შედეგს", – განაცხადა მინისტრმა, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge.

პირველ ეტაპზე უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სადგურები, რადარები, რომლებიც ინფორმაციას იძლევა.
„ქვეყანაში ორი უახლესი რადარი გვაქვს, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების გაკეთება და შემდგომ უკვე უშუალოდ ადგილებზე დამონტაჟებული სადგურები გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა დონის ნალექი მოვიდა და ა.შ." – განაცხადა შამუგიამ.
რაც შეეხება ხეობებსა და მყინვარებს, ეს კიდევ ცალკე პროცესია, რომელიც იძლევა შესაბამისი მოდელირების საშუალებას, თუ სად რა ტიპის საფრთხე შეიძლება არსებობდეს.
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური არსებობს საქართველოში>>
„და ამ მოდელირების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს იქ შესაბამისი გაფრთხილების, შეტყობინების სისტემა, რომელიც იმ ხეობას უნდა ერგებოდეს, რომელზეც კონკრეტულად ვსაუბრობთ", – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ხანდახან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოდელირების თანახმად ხეობაში მაღალი რისკია, რომელიც მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას ემუქრება, ადამიანების ევაკუაციის რეკომენდაციას გასცემენ.

„ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში საუბარი არის მოსახლეობის გაყვანაზე, გასახლებაზე, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში, როცა საუბარია მოსახლეობაზე, ეს სისტემები არ მუშაობს, რადგან აქ დროს აქვს მნიშვნელობა, თუ რა დროში შეიძლება ეს სტიქია განვითარდეს, და თუ ეს დრო მცირეა, მაშინ რეაგირება შეუძლებელი იქნება. მთელი პროცესია სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების განხორციელების", – განაცხადა შამუგიამ.

რაც შეეხება ადრეული მონიტორინგის სისტემებს, პროექტი საქართველოში 2018 წელს დაიწყო და დაახლოებით ერთ წელიწადში კიდევ 150-მდე ასეთი სისტემის დამონტაჟება იგეგმება.
"პროექტი მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ეს არის შესაბამისი რუკების შედგენა, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს რუკები უკვე წლის ბოლოსთვის, მაქსიმუმ მომავალი წლის გაზაფხულისთვის იქნება მზად. 170 ასეთი სადგური დღესაც მოქმედი გვაქვს ქვეყანაში. დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება დამატებით 150 სადგური დამონტაჟებული და სისტემაში მოყვანილი", – აღნიშნა მინისტრმა.
რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება>>
მისი თქმით, სადგურების დამონტაჟების პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტები მონაწილეობენ.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, უწყების გეგმაშია მომავალი წლისთვის სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებით მყინვარებზე რისკების ზონების შეფასება.
„ჩვენ 22-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, სადაც პროცესები არის შესაფასებელი და ამ პროცესში იქნებიან ჩართული სპეციალისტები და სხვა ისეთი კომპანიები, რომლებსაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ", – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, კლიმატის უარყოფითი გავლენა მთელ მსოფლიოში გაძლიერებულ სტიქიურ მოვლენებში გამოიხატა და საქართველო გამონაკლისი არაა.

„მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა და გვაჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტიანი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას", – განაცხადა შამუგიამ.

2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.
შოვის ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციამ ქვეყნის ხელისუფლებას დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ადამიანები არ დაიღუპებოდნენ, ადრეული გაფრთხილების სისტემას რომ ემუშავა და ხალხი დროულად გაეყვანათ ტერიტორიიდან.
ამის პასუხად მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთია წყლის მონიტორინგის სისტემა. თუ წყლის მონიტორინგის სისტემა არ აფიქსირებს წყლის დონის მატებას ან შემცირებას, ერთიანი ადრეული სისტემა არ მუშაობს.