მსოფლიო დღეს

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200-მდე მანქანა დაგროვდა.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი სატვირთო მანქანები შევიდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ტელეარხ al Arabiya-ზე დაყრდნობით.
„ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის სამედიცინო საშუალებებით დატვირთული ტრაილერები ეგვიპტის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტ რაფაჰის გავლით ღაზის სექტორში შევიდნენ“, - იტყობინება კორესპონდენტი ადგილიდან.
ტელეარხის ინფორმაციით, ღაზაში მყოფი უცხოელები ანკლავის დატოვებას მალე რაფაჰის გავლით შეძლებენ.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200-მდე მანქანა დაგროვდა.
Georgian Airways თელ-ავივში ფრენებს აჩერებს >>
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 4.137 ადამიანს მიაღწია. დაშავებულია 13 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასს“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელელი ჰყავდეს. თავად მოძრაობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 200-250 ტყვე ჰყავთ.