ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა

სამართალდამცველებმა წარსულში ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ვერის საძმოს წევრი და მისი მეგობარი ორი დღის წინ დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბიზნესმენ გივი (გიჩო) მარგველაშვილს და მის მეგობარს კობა პაიჭაძეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „მთავარი არხი“.
გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი კობა პაიჭაძე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველებმა მათი მანქანა გაჩხრიკეს და იარაღები აღმოაჩინეს. მარგველაშვილმა ბრალი უარყო, პაიჭაძემ კი განაცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნის.
ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა >>
სასამართლო პროცესზე ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ. მარგველაშვილის შემთხვევაში 30.000 ლარს, ხოლო პაიჭაძის - 10.000 ლარს, თუმცა მოსამართლემ ორივე პატიმრობაში დატოვა.
გიჩო მარგველაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრია, მისი სახელი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა.
4 მაისის საღამოს ვერაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი სწორედ მარგველაშვილი იყო, მეორე - შემთხვევითი გამვლელი, ხოლო დაღუპული კი საბა გახოკია, რომელმაც მარგველაშვილს ესროლა. თავად გახოკია კი მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ მოკლა.