ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზამთრის პერიოდში ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
შესაბამისი ცვლილებების შეტანა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით უკვე შევიდა პარლამენტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ორშაბათსაა დაგეგმილი ბიუროს სხდომაზე.
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალსაც განსაზღვრავს, რომლებზეც ზამთრის აღჭურვილობით მოძრაობა სავალდებულო იქნება.
პროექტის მიხედვით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში მთავრობის მიერ დადგენილ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას მძღოლი ვალდებული იქნება, ავტომობილის ყველა თვალზე შესაბამისი მახასიათებლების (ანუ ზამთრის) საბურავები ეყენოს, ხოლო ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ეკეთოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან კი 5 ქულა ჩამოეჭრება.
გარდა ამისა, პოლიციას უფლება ექნება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მოძრაობა შეუზღუდოს იმ ზონებსა თუ გზის მონაკვეთებზე, რომლებსაც მთავრობა განსაზღვრავს. პლუს ამას, სამართალდამრღვევს შესაძლოა დროებით ავტომობილიც ჩამოერთვას, რომელსაც საქმის განხილვამდე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ.
ავტომობილის ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.