კურორტ გოდერძის ელექტრომომარაგების ხარისხი გაუმჯობესდა

ახალი ქვესადგურის ექსპლუატაციაში შესვლა სასტუმროების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის კურორტი გოდერძი ახალი ქვესადგურის ამოქმედების წყალობით უწყვეტი ელექტრომომარაგებით არის უზრუნველყოფილი, განაცხადა ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხულოს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ბოლქვაძემ.
მაღალვოლტიანი ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. აბონენტები მას ეტაპობრივად ერთვებიან.

„მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვასრულებთ სამუშაოებს, რათა სასტუმროებს უწყვეტად ჰქონდეთ ელექტროენერგია და რაიმე პრობლემები არ შეექმნათ დამსვენებლებს, ტურისტებს. დავდგით ორი ახალი ტრანსფორმატორი, გაკეთებული გვაქვს მიწისქვეშა საკაბელო მაგისტრალები 10 კილოვატი ძაბვის“, – განაცხადა თემურ ბოლქვაძემ.

მისი თქმით, სადაც მიწისქვეშა კაბელების გაყვანა შეუძლებელია, კომპანია საჰაერო ხაზებს აკეთებს როგორც სასტუმროების, ისე საკურორტო ზონაში შემავალი კერძო კოტეჯებისთვის.
ახალი ქვესადგურის დასამონტაჟებლად „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ახალი ქვესადგური აღჭურვილია თანამედროვე ელექტრომოწყობილობებით, დამონტაჟებულია დისტანციური მართვის აპარატურა. მართვა ცენტრალური სადისპეტჩეროდან დისტანციურად ხორციელდება.
გარდა ამისა, კურორტზე ელექტროგადამცემი ხაზების სრული რეკონსტრუქცია ჩატარდა, რომელიც ქვესადგურთან ახალი მიწისქვეშა ხაზით არის შეერთებული.
რას წერენ პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერები საქართველოზე>>
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ქვესადგურის დამონტაჟებითა და ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია–მშენებლობით კურორტი გოდერძი საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით არის უზრუნველყოფილი.
გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 100 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
გოდერძი ზღვის დონიდან 2366 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. აქ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.