აშშ-ის ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე ფუჭი იქნება - პაპუაშვილი ფარცხალაძის სანქციებზე

ქართულმა მხარემ აშშ-ს მტკიცებულებების მისაღებად მიმართა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ წამოყენებული ყველა ბრალდება ფუჭი აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ შესაბამის მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.

„რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, ვერაფერს გეტყვით. ვიცით, რომ პროკურატურამ აშშ-ს მტკიცებულებებთან დაკავშირებით მიმართა და ჩვენ მოველით, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება არის ფუჭი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მალევე, 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა. თუმცა, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა იმ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
პრეზიდენტმა ეს იმით ახსნა, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
პრეზიდენტმა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა მოგვიანებით, 17 ოქტომბერს მაინც შეუწყვიტა.
ფარცხალაძე და სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა>>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ღარიბაშვილი: მინდა გაკვირვება გამოვხატო - რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე?>>
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.